English / ქართული / русский /
თამარ როსტიაშვილიმარიამ ებრალიძე მაია სოსელია
ინოვაციური მიდგომა სამედიცინო ლოჯისტიკისადმი

ანოტაცია. სტატიის მიზანია სამედიცინო ლოჯისტიკის  ასპექტების კვლევა და ქვეყნის  განვითარებაში მისი მნიშვნელობის წარმოჩენა. სტატიაში გაანალიზებულია ინოვაციური საქმიანობის როლი და დადგენილია ინოვაციების გამოყენების ეფექტიანობა სამედიცინო ლოჯისტიკაში. შეფასებულია ძირითადი კომპეტენციები, რომლებიც უნდა გააჩნდეს სამედიცინო ლოჯისტიკაში მომუშავე სპეციალისტს. განხილულია მოთხოვნები, რომელთა თანახმადაც უნდა განხორცილედეს სამედიცინო მოწყობილობების და სამკურნალო საშუალებების დისტრიბუცია.

საკვანძო სიტყვები: სამედიცინო ლოჯისტიკა, ინოვაციები, მიწოდების ჯაჭვის მართვა, ინოვაციური მიდგომა, ეფექტიანობა. 

შესავალი

ჯანდაცვის დარგი რეგიონის განვითარების დონის ერთ-ერთი მთავარი მაჩვენებელია. ჯანდაცვა წარმოადგენს რთულ სოციალურ-ეკონომიკურ სისტემას, რომელშიც, ისევე როგორც მრავალ სხვა მრავალდონიან სისტემაში, ლოჯისტიკური მიდგომა ძალზე მოთხოვნადია. თანამედროვე ჯანდაცვის სფეროში ლოჯისტიკის გამოყენების აქტუალობას განაპირობებს მიწოდების ჯაჭვში განხორციელებულ საქმიანობასთან დაკავშირებული დიდი რაოდენობით ბარიერების გაჩენა, რაც ნეგატიურად აისახება ფუნქციონირების ეფექტიანობის მაჩვენებლებზე. 

სამედიცინო ლოჯისტიკის მნიშვნელობა

სხვადასხვა სახის სამკურნალო საშუალებებისა და სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებები მოითხოვს მაღალ პასუხისმგებლობას. ასეთ საქმიანობას, ჩვეულებრივ, თან ახლავს რისკები, რომლებიც მნიშვნელოვნად აღემატება სტანდარტული მიწოდების ჯაჭვში არსებულ რისკებს. დღეისათვის სამედიცინო, ფარმაცევტულ და ბიოტექნოლოგიურ მრეწველობაში მომუშავე საწარმოთა დიდი ნაწილი საჭიროებს ლოჯისტიკური პროცესის მუდმივ სრულყოფას მსგავსი რისკების თავიდან ასაცილებლად.

სამედიცინო პროდუქციის წარმოებისთვის ნედლეულის უწყვეტი მიწოდების უზრუნველყოფა ამცირებს წარმოების მოცდენას. განვითარებული სატრანსპორტო-ლოჯისტიკური სისტემა გარანტირებულად უზრუნველყოფს შეკვეთების დროულ შესრულებას როგორც რეგიონულ, ასევე მუნიციპალურ დონეებზე. ინოვაციების გამოყენება ასეთ შემთხვევაში წარმოადგენს მთლიანად სისტემის გაუმჯობესების აუცილებელ პირობას. აქედან გამომდინარე, იქმნება ინოვაციური ლოჯისტიკური მოდელების დანერგვისა და ლოჯისტიკური კავშირების ინოვაციური განვითარების უკვე არსებული სხვადასხვა უცხოური კონცეფციების ადაპტაციის გადაუდებელი აუცილებლობა.

განვითარების თანამედროვე ეტაპზე ქვეყნებისა და მათი რეგიონების დიდი ნაწილი მნიშვნელოვნად ჩამორჩება სამედიცინო ლოჯისტიკის განვითარების სფეროში. სამედიცინო სფეროში ლოჯისტიკის საწარმოთა მომსახურებების ხარისხი ხშირად არადამაკმაყოფილე­ბელია. ამასთან, შეინიშნება მუშაობის დაბალი ეფექტიანობა ოპერაციული მოდელის მასშტაბის გამო, რომელიც განსაზღვრავს კორპორაციული სტრატეგიის რეალიზაციის საშუალებებსა და წესს სამედიცინო დაწესებულების ყოველდღიურ საქმიანობაში.

უცხოელი მეცნიერის მიერ გამოკვლეულია მიდგომები სამედიცინო ლოჯისტიკის მართვისადმი. ზოგიერთი  მიუთითებს, რომ ჯანდაცვასთან დაკავშირებული ლოჯისტიკის ქსელის განკერძოების მიზანშეწონილობას ადასტურებს ლოჯისტიკური პრინციპების შეღწევა დარგის მართვაში. გარდა ამისა, იგი ყურადღებას მიაპყრობს იმას, რომ ლოჯისტიკის ქვედანაყოფის შექმნას სამედიცინო ორგანიზაციებში თან ახლავს პასუხისმგებლობის ზონების, უფლებამოსილებებისა და სამედიცინო-საწარმოო ორგანიზაციების სხვა ქვედანაყოფებთან, სამკურნალო და სამეურნეო სამსახურებთან ურთიერთქმედების მექანიზმების განსაზღვრა.[1]

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის გადაწყვეტილების თანახმად, ტერმინით „სამედიცინო ლოჯისტიკა“ აღინიშნება სამედიცინო დაწესებულებებში, ასევე სანატორიუმებსა და აფთიაქებში პერსონალის მუშაობის უზრუნველსაყოფად აუცილებელი ნაკადის დაგეგმვა, მართვა, ეფექტიანობის კონტროლი, ფარმაცევტული პრეპარატების, სამედიცინო და ქირურგიული ნივთების, სამედიცინო ხელსაწყოებისა და მოწყობილობების ტრანსპორტირება და შენახვა. საბოლოო მომხმარებლები პასუხს აგებენ თავიანთი პაციენტების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე, ამიტომაც სამედიცინო ლოჯისტიკა უნიკალურია იმით, რომ მის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს მკურნალობის ეფექტიანობის, მისი ხარისხის ოპტიმიზაცია მხოლოდ დანახარჯების შემცირების გზით.

იმისათვის, რომ ამაღლდეს სერვისის დონე და, ამასთანავე, შემცირდეს დანახარჯები ჯანდაცვის სექტორში, საწარმოებმა უნდა გამოიყენონ მიწოდებათა ჯაჭვის მართვისადმი ინოვაციურ-ლოჯისტიკური მიდგომა. სამედიცინო ლოჯისტიკის ძირითად ამოცანას წარმოადგენს ლოჯისტიკური საწარმოებისა და ლოჯისტიკური  ინფორმაციის ინტეგრაცია (სატრანსპორტო საშუალებების, გზებზე არსებული სიტუაციების, სამედიცინო მოწყობილობების, მედიკამენტების, სამედიცინო ტექნიკის ტრანსპორტირების, დასაწყობებისა და შენახვის შესახებ) ერთ პლატფორმაზე, ხოლო შემდგომ  — კომპლექსური ცენტრალიზებული ანალიზი სატრანსპორტო საშუალებების, გზების, საწყობების, მედიკამენტების, სამედიცინო მოწყობილობებისა და პერსონალის დისპეტჩერიზაციის დანერგვით, რაც შეამცირებს შენახვის დანახარჯებს, ლოჯისტიკის ღირებულებას და აამაღლებს მის ეფექტიანობას.[2]

გამოყოფენ სამედიცინო ლოჯისტიკის შემდეგ ძირითად საკვანძო სფეროებს:

- ბიოსამედიცინო ინჟინერია (სამედიცინო ელექტრონიკა და მონიტორინგი, სამედიცინო გამოსახულებები, ბიომასალები, ბიომექანიკა);

- კლინიკური ინჟინერია (ჰიგიენა, ლაბორატორიული და ანალიზური ტექნიკა, სამედიცინო ტექნოლოგიების უსაფრთხოება და ხარისხი);

- ფარმაცია (სამკურნალო საშუალებები და მათი გამოყენება);

- სამედიცინო მომსახურებები;

- სამედიცინო დაწესებულების პერსონალი.[3]

ცალკეულ რეგიონებში ეკონომიკური, სოციალური და ბუნებრივი ფაქტორების განსაკუთრებული კომბინაცია განსაზღვრავს პროდუქციაზე, ფასისმიერ პოლიტიკაზე, ლოჯისტიკური შუამავლების საქმიანობის სპეციფიკასა და სხვა რეგიონულ თავისებურებებზე მოთხოვნისა და მისი შეთავაზების განსაკუთრებულ თანაფარდობას. ლოჯისტიკური ქვედანაყოფების სინთეზზე დიდ გავლენას ახდენს რეგიონული სატრანსპორტო კომუნიკაციები, ტრანსპორტის ექსპლუატაციის საწარმოები, ასევე ლოჯისტიკური შუამავლების არსებობა, ინფრასტრუქტურის მდგომარეობა და განაწილების რეგიონული სისტემების საწარმოო-ტექნიკური ბაზები.[4]

მედიცინის ცალკეული ელემენტებიდა  ასევე მთლიანად სისტემა საჭიროებს მუდმივ სრულყოფას. ლოჯისტიკა მედიცინაში მოითხოვს ყველა პროცესის სწორ ორგანიზებას და პროფესიონალურად შესრულებულ ლოჯისტიკურ ოპერაციებს. შესაბამისად, მათი განხორციელებისას, მუდმივი გაუმჯობესებისაკენ სწრაფვა სავალდებულო პირობაა სამკურნალო საშუალებებისა და სამედიცინო მოწყობილობების შეუფერხებელი მიწოდების, დანახარჯების ეფექტიანობის მიღწევის, საბოლოოდ კი — კონკურენტული უპირატესობების მიღწევისთვის. სამედიცინო დაწესებულებებში ლოჯისტიკური კონცეფციის გამოყენების პრობლემა მჭიდროდ არის დაკავშირებული ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვასა და გამოყენებასთან.

ინოვაციები ლოჯისტიკაში ლოჯისტიკური საქმიანობის ყველაზე აქტუალური მდგენელია. იგი მიზნად ისახავს ნაკადების მიმდინარე და სტრატეგიული მართვის ორგანიზაციაში პროგრესული ინოვაციების დანერგვის აუცილებლობისა და შესაძლებლობის შესწავლას აღნიშნული მართვის რაციონალიზაციის (ოპტიმიზაციის) გზით დამატებითი რეზერვების გამოვლენისა და გამოყენების მიზნით.[5]

რეგიონების განვითარების მოცემულ ეტაპზე ლოჯისტიკაში ინოვაციური სისტემების საქმიანობის მნიშვნელოვანი ელემენტი ხდება ინოვაციების მართვა და ინვესტიციების შეფასება, ასევე ლოჯისტიკური კოორდინაცია პროდუქტულ ან საპროცესო ინოვაციებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების შემუშავების პროცესში. ლოჯისტიკური ინოვაციები გამოიყენება როგორც მატერიალური წარმოების, ასევე არამატერიალური სფეროების ორგანიზაციასა და მართვაში, რომელსაც მიეკუთვნება ჯანდაცვა. ამასთან, ის მუდმივად საჭიროებს ტექნიკური საშუალებების რეგულარულ რენოვაციას და აქტიურ გავლენას ახდენს სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის განვითარებაზე.[6]

პროცესების თვალსაზრისით, თანამედროვე ლოჯისტიკა 90 %-ით შედგება საინფორმაციო ტექნოლოგიებისგან. მხოლოდ დანარჩენი 10 % მოდის უშუალოდ ტვირთის გადაზიდვაზე. ლოჯისტიკაში საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების ან მუდმივი რენოვაციის გარეშე თანამედროვე მედიცინა გაუარესდება, ვინაიდან საინფორმაციო ტექნოლოგიები გამოიყენება ლოჯისტიკური პროცესის ყველა სფეროსა და ეტაპზე.[7]

ფარმაცევტული და სხვა სამედიცინო საწარმოების მიერ შემოთავაზებული საქონლის არასაკმარისობამ შეიძლება მიგვიყვანოს იქამდე, რომ მომხმარებლები აქტიურად დაიწყებენ ალტერნატივის ძებნას. შეფერხებები მიწოდებაში შესაძლოა აისახოს პაციენტის ჯანმრთელობაზე, ასევე მოგებაზე (თუ საუბარია კერძო კლინიკაზე ან აფთიაქზე). საწარმოებს ექმნებათ საიმედო შეუფერხებელი მიწოდების ჯაჭვის უზრუნველსაყოფად კარგი ლოჯისტიკური ცენტრის არჩევის საჭიროება, რომლის წყალობითაც შესაძლებელი იქნება მოთხოვნილი ხარისხისა და რაოდენობის პროდუქციის დროული მიწოდება საჭირო ადგილას და განსაზღვრულ დროს.

ლოჯისტიკური პროცესის მაკონტროლებელი კომპანიის არჩევისას უნდა იქნეს გათვალისწინებული განსახილველი სფეროს — მედიცინის სპეციფიკა. კლინიკური ნიმუშების, სამკურნალო საშუალებების, სამედიცინო მოწყობილობების ტრანსპორტირების აუცილებლობისას, ლოჯისტიკურ საწარმოს უნდა წაუყენონ მოთხოვნები, რომლის შესაბამისადაც განხორციელდება ტრანსპორტირება, დასაწყობება, დისტრიბუცია:

1. ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს წამლებისა და სამედიცინო ტექნიკისათვის განკუთვნილი სპეციალური ტრანსპორტის მეშვეობით.

2. გარკვეული ტემპერატურული რეჟიმის დაცვის აუცილებლობის შემთხვევაში აუცილებელია სპეციალიზებული შეფუთვა, მასთან ერთად რეფრეჟერატორები, კონტეინერები ავიატვირთისთვის და მუდმივი მონიტორინგი გარანტირებულად უზრუნველყოფს ტვირთის სათანადო ტემპერატურაზე გადატანას ტრანსპორტირების მთელი პერიოდის განმავლობაში.

3. უნდა მოხდეს მონიტორინგი, შეკვეთის სტატუსის განახლება გადაზიდვის ყოველ ეტაპზე.

4. ტვირთის უწყვეტი მონიტორინგი — საქონლის საიმედო მიწოდების პროცესის უმნიშვნელოვანესი მდგენელია. პერსონალურ მიწოდებებს დიდი ყურადღება ექცევა, ინფორმაცია მათი გატარების შესახებ კონტროლდება რეალური დროის რეჟიმში ტვირთის ტრეკინგის ონლაინ სისტემის მეშვეობით.

5. საჭიროა ნორმატიული აქტების განუხრელი დაცვა.

სამედიცინო სფეროში ლოჯისტიკური კომპანიების ინოვაციური საქმიანობის თავისებურებას წარმოადგენს სამედიცინო მოწყობილობის მიწოდების ორგანიზაციის ახა­ლი ან მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული მეთოდის დანერგვა,  რაც დაკავშირებულია ტექნოლოგიურ ინოვაციებთან. მათ მიეკუთვნება: მნიშვნელოვანი ცვლილებები გადაზიდვის პროცესის ტექნოლოგიაში, სატრანსპორტო საშუალებებში, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტებში, საინფორმაციო ტექნოლოგიებში, კერძოდ, დამატებით პროგრამულ უზრუნველყოფაში.

საჭიროების შემთხვევაში, ტვირთის შემოტანისა და გატანის ყველა საჭირო ლიცენზიის მიღებასთან, დოკუმენტების თარგმანსა და რეგიონულ საკანონმდებლო მოთხოვნებთან დაკავშირებით კონსულტაციების მიღების საკითხებზე უნდა მიმართოთ არა უბრალოდ კვალიფიციურ სპეციალისტებს, არამედ გამოცდილ პრაქტიკოსებს, ექსპერტებს, რომლებიც კარგად იცნობენ ფარმაციის ლოჯისტიკას, კლინიკურ კვლევებს და ზოგადად მედიცინას. მათი მეშვეობით შესაძლებელია ყველა ადმინისტრაციული ბარიერის დაძლევა, საბაჟო პროცედურებისა და მიწოდებების მთლიანი ლოჯისტიკური ჯაჭვის გავლა.

ჯანდაცვის ლოჯისტიკის სფეროში ექსპერტების კომპეტენციებს მიეკუთვნება:

- ნაკლებეფექტიანი ადგილებისა და რისკების განსაზღვრა მიწოდებათა ჯაჭვში; მათი აღმოფხვრის გეგმების შემუშავება;

- ტრანსპორტირების საშუალებების ოპტიმიზაცია ფულადი საშუალებებისა და დროის ეკონომიის, ასევე მიწოდებაზე კლიენტთა მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისთვის;

- მთელი მსოფლიოს მასშტაბით ნორმატიული აქტების დაცვის უზრუნველყოფა;

- სპეციალური შეფუთვის შემუშავება გადაზიდვისას მგრძნობიარე სამედიცინო პროდუქციის დასაცავად;

- საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება რესურსების ეფექტიანი მართვის, შეცდომების რაოდენობის შემცირებისა და კლიენტთა მომსახურების გაუმჯობესებისთვის;

- ბაზრის ცვალებადი პირობების შესაბამისი ხელსაყრელი გადაწყვეტილებების რეალიზაცია ტრანსპორტირებისა და დისტრიბუციისთვის, მოთხოვნის პიკისა და პროდუქციის დაბრუნების ჩათვლით.[8]

მედიცინაში ლოჯისტიკური სტრატეგიის რეალიზაციისთვის საჭიროა დაგეგმვის კვალიფიციური სისტემა, მოქნილობა და, რაც მთავარია,  ინფორმაცია. გარდა ამისა, უცხოური გამოცდილება მიუთითებს იმაზე, რომ ლოჯისტიკის ეფექტიანი მართვა შეუძლებელია ოპერატიული ინფორმაციული მომსახურების გარეშე, რომელიც უზრუნველყოფს სწრაფ დოკუმენტბრუნვას და ერთიანი საინფორმაციო სივრცის შექმნას. ეს კი, თავის მხრივ, ხელს უწყობს სამედიცინო დაწესებულებათა საიმედო და შეუფერხებელ მუშაობას, რეგიონებში სამკურნალო საშუალებებისა და სამედიცინო მოწყობილობების გადაზიდვის ნაკადის ოპტიმიზებას.

თავის მხრივ, სამედიცინო პერსონალს ლოჯისტიკა ეხმარება მკურნალობასა და პაციენტებზე ზრუნვაზე სრულად კონცენტრირებაში. სამედიცინო სფეროში ლოჯისტიკის პრიორიტეტს წარმოადგენს ისეთი ოპტიმიზაცია, რომელიც უზრუნველყოფს სამედიცინო პერსონალის უფრო ეფექტიან მუშაობას, მიწოდებათა ჯაჭვში ნარჩენების შემცირებას, ხარისხიანი მომსახურებების გაწევას და დამკვეთის მიერ დასახული ამოცანების დროულად გადაჭრას. 

დასკვნა

ამრიგად, ინოვაციების განვითარებისა და სამედიცინო ლოჯისტიკაში ინოვაციური მიდგომის გამოყენების წყალობით, შესაძლებელი ხდება კონტროლირებადი და რეგულირებადი გარემოს შექმნა სხვადასხვა ლოჯისტიკური პროცესების ეფექტიანად შესრულებისთვის ჯანდაცვის სფეროში და ამის შედეგად რეგიონების განვითარების დონის ცალკეული მაჩვენებლების გაუმჯობესება. 

გამოყენებული ლიტერატურა

1. შ. ვეშაპიძე ლ. ოსაძე დ. სეხნიაშვილი, ლ ო გ ი ს ტ ი კ ა, თბილისი, 2012. 148 გვ.

2. ე. შევერდაშვილი, შ.ტოტიკაშვილი, ლოგისტიკის როლი საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასალების კრებული. „ეკონომიკური განვითარების სტრუქტურული და ინოვაციური პრობლემები“. თბ.2017.

3. Izabela Dembińska-Cyran. Internal and external supply chain of hospital// [Электронный ресурс] / Izabela Dembińska-Cyran // Elektroniczne czasopismonaukowe z dziedziny logistyki.–2005.–№5.

4. Жаворонков Е. П. Развитие логистики в здравоохранении [Электронный ресурс] / Е. П. Жаворонков // Медицина и образование в Сибири. – 2010. – №4: URL: http://ngmu.ru/cozo/mos/article/pdf.php?id=433

5. Ельдештейн Ю. М. Логистика [Электронный ресурс] / Ю. М. Ельдештейн. – Режим доступа:http://www.kgau.ru/distance/fub_03/eldeshtein/logistika/02_08.html.

6. А. А. Кизим, О. А. Сивушкина Инновации как ключевой вектор развития логистических процессов / Теория и практика общественного развития. – 2013. – № 1. – გვ. 317.

7. Инновационные технологии в логистике и управлении цепями поставок: сб. научн. ст. – М.: Эс-Си-Эм Консалтинг, 2015. – გვ. 122.



[1] Жаворонков Е. П. Развитие логистики в здравоохранении [Электронный ресурс] / Е. П. Жаворонков // Медицина и образование в Сибири. – 2010. – №4: URL: http://ngmu.ru/cozo/mos/article/pdf.php?id=433

[2] Фармацевтическая логистика. [Электронный ресурс]. – http://zte.ru/enterprise/solutions/health-protection/pharmaceutical-logistics.

[3] Izabela Dembińska-Cyran. Internal and external supply chain of hospital// [Электронный ресурс] /

Izabela Dembińska-Cyran // Elektroniczne czasopismonaukowe z dziedziny logistyki. – 2005. – №5. – Режим

доступа: http://www.logforum.net/vol1/issue1/no5/5_1_1_05.html

[4] Ельдештейн Ю. М. Логистика [Электронный ресурс] / Ю. М. Ельдештейн. – Режим доступа:

   http://www.kgau.ru/distance/fub_03/eldeshtein/logistika/02_08.html.

[5] . А. Инновации как ключевой вектор развития логистических процессов / А. А. Кизим, О. А. Сивушкина // Теория и практика общественного развития. – 2013. – № 1. – გვ. 317.

[6] Инновационные технологии в логистике и управлении цепями поставок: сб. научн. ст. – М.: Эс-Си-Эм Консалтинг, 2015. – გვ. 122.

[7] Информационные технологии составляют 90 % логистики. [Электронный ресурс]. – Режим доступа:      http://www.cnews.ru/reviews/free/transport2006/articles/inftechnology.

[8] Планирование. Фармацевтика и биотехнологии. [Электронный ресурс]. – Режим доступа:

https://www.ups.com/content/ru/ru/bussol/browse/industries/pharma-biotech-plan.html